ხაჭაპურის პოტენციალი

15/10/2021

Ერთ-ერთი მოგზაურობის, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამბავს მოვყვები.  Ასობით გურმანთან ერთად, უსასრულო რიგში დგომის შემდეგ, როგორც იქნა, მიმტანმა ნაციონალური კერძი მოგვართვა. მარტივი, მინიმალისტური და გემრიელი. Დანახვისთანავე კვლავ მრავალჯერ ნაფიქრ, თუმცა  უპასუხო შეკითხვას მივუბრუნდი:  რა არის ჩვენი ქვეყნისთვის  მთავარი  კერძი, რომელსაც შეუძლია მთელი ქართული სამზარეულო, მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრში მოაქციოს? Დაბრუნებისას,  მეგობარ-ნაცნობებთან, სფეროს სპეციალისტებთან ერთად სჯა-ბაასის შემდეგ, პირველობა ხაჭაპურს, როგორც ქართული ნაციონალური სამზარეულოს გამაერთიანებელს, ერგო. Რატომ? Ახლავე განვმარტავ. ხაჭაპური, იგივე პური გულიანი, ცხვება საქართველოს ყველა კუთხეში და არ არის მხოლოდ ერთი რეგიონისთვის დამახასიათებელი „კერძი”.

Შემდეგ კი გაჩნდა კითხვები: სად? როდის? როგორ? ვინ? პასუხების ძიებას 14 ადამიანი შევუდექით. დიახ, ხაჭაპურის სახეობებისა და წარმომავლობის სიღრმისეული კვლევა დავიწყეთ. Რას მივაკვლიეთ? -  ამ დროისთვის დადასტურებულად 53 სახეობის გულიანი პური აღმოვაჩინეთ. გასაოცარია არა?!  არადა,  დღემდე ნებისმიერი ჩვენგანისთვის რომ გეკითხათ, ათი სახეობის ხაჭაპურზე მეტს ვერ დაგისახელებდით.

სახეობების კვლევას თან ახლდა სხვა ბევრი  მარტივი თუ ფილოსოფიური კითხვაც: რა არის მთავარი კომპონენტი ხაჭაპურში, ცომი თუ ყველი? თუ საერთოდ – ხაჭო და პური? პასუხია – გულსართი, რომელიც ყველა კუთხეში სხვადასხვანაირად მზადდება. ამას მოჰყვება ხორბლის ხარისხი და ცომის მომზადების ტექნიკა.   რეგიონების მიხედვით ხაჭაპურის გემო განსხვავებულია, რადგან უნიკალურია თითოეული სახეობის მომზადების ტექნიკა. ისტორიკოსი, ბოტანიკოსი,მწერალი,  გასტრონავტი, მეყველე და კვლევაში ჩართული სხვა პროფესიონალი მივედით დასკვნამდე: ხაჭაპური დაიბადა საქართველოში და არის ქართული კერძი.  ურაპატრიოტიზმით შეპყრობილი ადამიანების მოსაზრება არ გეგონოთ,  სამეცნიერო კვლევაზე, რეალურ წყაროებსა და დადასტურებულ ფაქტზე  ვსაუბრობთ. 

 

საქართველოს ყველა კუთხეს თავისი ხაჭაპური აქვს, უნიკალური შემადგენლობით, დამოკიდებულებით, წესით, მომზადების რიტუალით,  რეცეპტით. ქართულ გულსართიანებზე დაკვირვება გვაჩვენებს, რომ ჩვენმა წინაპარმა თითქმის ყველაფერი შეახვია ცომის გარსში, ხოლო ის, რომ ყველითა და ხაჭოთი მომზადებული ცომეულის ნაირსახეობა ყველაზე მრავალფეროვანია, ამ პროდუქტისადმი ქართველთა დამოკიდებულებაზე მიგვითითებს.  ყველს ხომ არსებობის დიდი ისტორია აქვს?!  ანტიკური ხანიდან მოდის საქართველოს ტერიტორიაზე ამ უძვირფასესი პროდუქტის, როგორც ზოგიერთ დიალექტში უწოდებენ, „კეთილის“ მზადების ამბავი.

განახლება ყველაფერს სჭირდება, ოღონდ ძველის გაფრთხილებით.  ამით იმის თქმა მინდა, რომ 21-ე საუკუნეში უნდა გაგრძელდეს ექსპერიმენტები, ახალი რეცეპტებით ხაჭაპურის მომზადება, მაგრამ მნიშვნელოვანია,  ხაჭაპურის პოტენციალზე ზრუნვა არსებულ ისტორიაზე დაყრდნობით დავიწყოთ.

წარმოიდგინეთ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან მზარეულები, ეძებენ ხაჭაპურის რეცეპტებს, აკვირდებიან, როგორ აცხობს დიასახლისი ხაჭაპურს, აგემოვნებენ და გამოცდილების გათვალისწინებით, მერე საკუთარ ქვეყანაში იწყებენ ხაჭაპურის ცხობას. ეს კვლევა გზამკვლევი და ინსპირაცია იქნება ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბიზნესისთვის. სრულიად სხვა კლასისა და გასაქანის ბიზნესი გახდება ე.წ. სახაჭაპურეები. რამდენ ჯგუფს მიეცემა შანსი, დაიწყოს განსხვავებული, მასებისთვის ჯერ კიდევ უცნობი სახეობების ცხობა და მოიზიდოს მომხმარებელი.

ჰიპერბოლიზება არ გეგონოთ, ხაჭაპური მსოფლიო ტაშს იმსახურებს და ქართული სამზარეულოს მედროშედ უნდა იქცეს.  მისი მეშვეობით კი, სხვა მნიშვნელოვანი კერძების პოპულარიზაცია მოხდება. Როგორც ზემოთ ვისაუბრეთ, ხაჭაპური ყველა რეგიონში  სხვადასხვანაირია, რაც ხაზს უსვამს ქართული გასტრონომიის ავთენტურობასა და კულტურას.

მსოფლიო კულინარია ახალი ავთენტური გემოების ძიებაშია, შეიძლება ითქვას, კრიზისსაც განიცდის ამ მხრივ და, სწორედ, ახლა არის მნიშვნელოვანი მომენტი, გავაცნოთ მსოფლიოს ჩვენი ქვეყნის მთავარი კერძი – ხაჭაპური. მსოფლიო გასტრონომიულ სამყაროს   ზუსტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ხაჭაპურის შესახებ, უნდა დავაგემოვნებინოთ  და დავანახოთ მისი შესაძლებლობები.

ხაჭაპურის გატანა მსოფლიო ბაზარზე ნიშნავს იმ პროდუქტების პოპულარიზაციას, რომლითაც ის მზადდება, ფქვილი და ყველი, რომელიც მის უნიკალურ გემოს განსაზღვრავს. უნდა განვავითაროთ ადგილობრივი მეურნეობები და ხელი შევუწყოთ მათი პროდუქტის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანას, სადაც ქართული გემოსა და ხასიათის ხაჭაპურს ქართული პროდუქტით მოამზადებენ.

სწორედ, აქ არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოს როლი, ხელი შეუწყოს ხაჭაპურის პოპულარიზაციას, წარადგინოს ის სხვადასხვა გასტრონომიულ ფორუმებსა და ფესტივალებზე, დანარჩენს თავად ხაჭაპური მიხედავს, რადგან მას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, დაიპყროს 

მსოფლიო.

 

Დაელოდეთ სიახლეების გასტრონომიის ასოციაციის ვებგვერდზე.

ლევან ქოქიაშვილი - გასტრონომიის ასოციცაცია