"ხაჭაპურის" ეტიმოლოგია

01/08/2022

 

ჯერ კიდევ სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონიდან ცნობილი და ქართული ენის დიალექტებში ფართოდ გავრცელებული ქართული სიტყვა ხაჭა-პურ-ი ორკომპონენტიან რთულ/ შედგენილ ლექსიკურ ერთეულს წარმოადგენს. მეორე ნაწილი, ცხადია, ქართ. პურ- სიტყვას წარმოგვიდგენს, ხოლო პირველი ხაჭა- კი გამარტივებული სახეობაა ხაჭუა/ხაჭვა „ხაჭო“ სიტყვისა. ეს უკანასკნელი დღემდე ხაჭუა/ხაჭვა  ფორმით დასტურდება რაჭულ დიალექტში. შეიძლება ითქვას, რომ დასავლურქართული ხაჭაპურ-ი რაჭული დიალექტის წიაღშია ჩასახულ-წარმოშობილი. ხაჭვა -> ხაჭა გამარტივების პროცესი დისიმილაციურია თავისი ბუნებით; კერძოდ, მომდევნო პურ- სიტყვის წყვილბაგისმიერი -ს ზეგავლენით ასევე წყვილბაგისმიერი წინამავალი დაიკარგა, ანუ ენაში ისტორიულად ხაჭვა-პურ-ი -> ხაჭა-პურ-ი გამარტივების პროცესი განხორციელდა. კახური ხაჭო-პურ-ი, რომელიც ხახვში მოხრაკული ხაჭოთი მზადდება, შეიცავს ხაჭო-ს და არა ხაჭა-ს, ისევე, როგორც მოხევურში, სადაც ხაჭო-პურ-ი ქერ-სვილის ნამცხვარია ხაჭოს გულით. ამავე სტრუქტურისაა ქართულ ენაში ერბო-პურ-ი სიტყვაც. ამიტომაც ნაკლებსავარაუდოა აჭარულ ხაჭა „ჭოკი; კაკლის საბერტყი ჯოხი“ სიტყვასთან რაიმენაირი კავშირი ხაჭა-პურ-ისა. საგულისხმოა, რომ შედგენილობის თვალსაზრისით ანალოგიური ვითარება იკვეთება აფხაზურ ენაში, სადაც აჩაშ „ხაჭაპური“ უდრის აჩა „პური“ + აშვ „ყველი“. ხოლო მეგრულში გავრცელებული ხაჭაბურ-ი „ხაჭაპური“ განსხვავებული წარმომავლობის კომპოზიტია და უდრის ხა „ხელი“ + ჭაბ-ურ-ი „წებილი“, ანუ ხელ-ნაწები.

ხაჭაპურის ტრადიცია, რომ ნამდვილად ქართულია იქიდანაც ჩანს, რომ ენაში ფიქსირდება სინონიმური ქადა „ერბოიანი; ერბოთზელილი პური“ (საბა) სიტყვაც, რომლის კანონზომიერი შესატყვისია სვანური ქადაარ „ქადა“. სწორედ ქართული ქადა ხდება წყარო თურქული ქეთე, სომხური გათა / ქეთა და ა. შ. ალომორფებისათვის, ვინაიდან წოვათუშური ქოტარ „კვერი რაიმე შიგთავსით“ და ჩეჩნური (ხილდიხაროული) ქოდან „ხორციანი კვერი“ ფორმების ქართველური ქადა/ქადარ-ის კანონზომიერი შესატყვისებია.

ცალკე დგას სვანური ქუთვ „ხაჭაპური“ სიტყვაც, რომელსაც დაღესტნური პარალელები უდასტურდება, შდრ. ლაკური ქუთთუ / ჩუთთუ „ღვეზელი“, ლეზგ. ქუთ „პურის სახეობა“...

ასე რომ, ყოველივე ზემოთ თქმული სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ხაჭაპური, როგორც კულინარიული მოვლენა/კულტურა, საქართველოში განვითარდა, იგი ქართული სუფრის განუყოფელი ფენომენია.

მერაბ ჩუხუა - ფილოლოგიის დოქტორი, თსუ პროფესორი