18 ივნისს მსოფლიო მდგრადი გასტრონომიის დღეს აღნიშნავს. მოგეხსენებათ, მდგრადობის იდეა ბუნებრივი რესურსების ეფექტურ, გონივრულ გამოყენებას გულისხმობს იმ მიზნით, რომ მომავალში ზიანი არ მიადგეს ბუნებასა და ადამიანის ჯანმრთელობას.
გასტრონომიის მდგრადობის იდეა, კი სრულ ციკლს მოიაზრებს საკვები პროდუქტების, ინგრედიენტების ადგილწარმოშობიდან, ბაზარზე, საბოლოოდ კი, ჩვენს თეფშზე მოხვედრამდე. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საკვების წარმოება-მოხმარების მდგრადობის თვალსაზრისით, შემდეგ პრინციპებზე ამახვილებს ყურადღებას: - სასოფლო-სამეურნეო რესურსების ეფექტურად გამოყენების გაუმჯობესება;
-მიზანმიმართული აქტივობები ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების, დაცვისა და გაძლიერების მიზნით; - საზოგადოებისა და ეკოსისტემების ცვალებად საჭიროებებზე რეაგირება. აღნიშნული დღის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება 2016 წელს ერთხმად მიიღეს გაეროს გენერალური ასამბლეის (UN General Assembly), გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საერთო სხდომაზე, რითაც აღიარეს გასტრონომია, როგორც კულტურული ფენომენი და ხაზი გაუსვეს მის მრავალფეროვნებას.